რაბათის გარშემო, სოფელი ზველი
რაბათის ნამოსახლარის მიმდებარედ, სოფელ ზველში, განფენილია მრავალი სხვადასხვა არქეოლოგიური ობიექტი. მათ შორის აღსანიშნავია შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანები, რომლებიც საქართველოში ამავე პერიოდის სხვა ყორღანებისგან გამოირჩევა თავისი არქიტექტურითა და მათში აღმოჩენილი სამარხეული ინვენტარით.

Pictures
ძვ.წ. 3000 -2500 წწ.
ადრებრინჯაოს ხანა - მტკვარ-არაქსის კულტურა
მტკვარ-არაქსის კულტურა ძვ.წ მესამე ათასწლეულის შუა ხანებში ჩნდება და დაახლოებით ათასი წელი არსებობს. იგი პირველად სამხრეთ კავკასიაში ჩნდება და შემდეგ ვრცელდება დიდ ტერიტორიაზე – აღმოსავლეით ირანში ხოლო დასავლეთით პალესტინამდე. მტკვარ-რაქსის კულტურისთვის დამახასიათებელია სოფლის ტიპის დასახლებები. შიდა ქართლში სახლები სარ-ლასტით არის ნაშენი, ხოლო სამხრეთით, სამცხე- ჯავახეთში ამ კულტურის ნასახლარები ძირითადად ქვის არქიტექტურით არის წამოდგენილი.
მტკვარ-არაქსის კულტურა რაბათის ნამოსახლარზე, მონუმენტური ქვის ნაგებობით არის წამოდგენილი სადაც ნაპოვნია ამ კულტურისთვის დამახასიათებელ კერამიკული მასალას.
ძვ.წ. 2400 -2000 წელი
შუაბრინჯაოს ხანა - ადრეყორღანული პერიოდი
მტკვარ-არაქსის კულტურის დასასრულს, დაახლოებით ძვ. წ.2500 წელს, აღმოსავლეთ საქართველოში ჩნდება დიდი ზომის გორასამარხები ე.წ. ყორღანები. შესაბამისად ამ პერიოდს ადრეყორღანულ პერიოდს უწოდებენ. ამ ყორღანების ტიპების და მასში აღმოჩენილი ნივთების მიხედვით ორ – მარტყოფისა და ბედენის არქეოლოგიურ კულტურას გამოყოფენ.
ორივე კულტურის ყორღანებში გვხვდება სხვადასხვა სახის მდიდრული ნივთები, როგორიცაა ნახევრადძვირფასი ქვისა და ოქროს სამკაულები, ბრინჯაოს საბრძოლო იარაღები. ასევე აღსანიშნავია სამარხებში ოთხთვალა ურემების ჩატანება. აღნიშნული მონუმენტური და მდიდარი ყორღანები მაღალი სოციალური წრის წარმომადგენლებისთვის, სავარაუდოდ ბელადებისთვის, იყო განკუთვნილი, რაც მათი ძალაუფლებისა და სოციალური სტატუსის გამოხატვის საშუალებას წარმოადგენდა.
ზოგადად, მტკვარ-არაქსის კულტურისგან განსხვავებით, ადრეყორღანულ პერიოდში ნამოსახლარების რაოდენობა მცირდება, რაც მათ მომთაბარე ცხოვრების წესზე გადასვლაზე მიუთითებს. თუმცა, ბოლო პერიოდში აღმოჩენილმა ადრეყორღანული პერიოდის კერძოდ ბედენის კულტურის ნამოსახლარებმა ეს მოსაზრება შეცვალა. ერთ-ერთი ასეთი ნამოსახლარია რაბათი, სადაც მოსახლეობა აქტიურ მიწადმოქმედებას ეწეოდა.
ძვ.წ. 2000 - 1700 წელი
შუაბრინჯაოს ხანა თრიალეთის კულტურის მესხური ვარიანტი
დაახლოებით ძვ. წ. 2000 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოში ჩნდება ახალი — ე.წ. თრიალეთის კულტურა, რომლისთვისაც წინა კულტურის მსგავსად დამახასიათებელია დიდი ზომის ყორღანები ძვირფასი დასაკრძალავი ინვენტარით.
ამ კულტურის ნამოსახლარები თითქმის უცნობია. მესხეთის რეგიონში თრიალეთის კულტურის განსხვავებული ვარიანტი გვხვდება, როგორც ყორღანების აგების თვალსაზრისით, ასევე კერამიკული მასალის მიხედვით.
რაბათის ნამოსახლარი უნიკალური ძეგლია საქართველოში, სადაც ამ პერიოდის ნამოსახლარია დადასტურებული.