Logo
  • ჩვენს შესახებ
  • გათხრები

    გათხრები

    • რაბათის ნამოსახლარი
    • რაბათის გარშემო, სოფელი ზველი
  • გათხრების შემდეგ
  • აღმოჩენები

    აღმოჩენები

    • Videos
  • პუბლიკაციები
  • გვეწვიეთ
  • ბლოგი
  • მხარდაჭერა
ENGE

ვებგვერდი შექმნილია სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნობრივი გრანტის (#SPG-25-556) ფარგლებში. თანადამფინანსებელი - Friends of Ancient Near Eastern Studies (FANES) მელბურნის უნივერსიტეტი

ჩვენს შესახებგათხრებიგათხრების შემდეგაღმოჩენებიპუბლიკაციებიგვეწვიეთბლოგიმხარდაჭერა

რაბათის ნამოსახლარი

რაბათის ნამოსახლარი საქართველოში და მთლიანად რეგიონში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლია, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ნაგებობები და კულტურული ფენები ბრინჯაოს ხანიდან გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით.

ნამოსახლარი მდებარეობს მესხეთში, ერუშეთის ქედის სამხრეთ კალთაზე (ზღვის დონიდან დაახლოებით 1400 მ-ზე), საიდანაც იგი  გადმოჰყურებს მტკვრის ხეობას. უძველეს პერიოდში რაბათი მტკვრის ხეობის დაბლობისა და  ერუშეთის მაღალმთიან საძოვრების მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი  რგოლი უნდა ყოფილიყო. სწორედ აქ გადიოდა სავაჭრო გზები, რომლებიც კავკასიის რეგიონს ანატოლიასთან აკავშირებდა.

Excavation map

რაბათის ნამოსახლარზე ათასწლეულების განმავლობაში უწყვეტი ცხოვრების კვალია დაფიქსირებული. აქ გვხვდება დაახლოებით 5000 წლის წინანდელი (მტკვარ-არაქსის კულტურის) მონუმენტური ქვის ნაგებობა, რომლის მიტოვების შემდეგ მალავე  მის თავზე ჩნდება მომდევნო პერიოდის, დაახლოებით 4300–4000 წლის წინანდელი (ბედენის კულტურის) ნამოსახლარის ფენები. ამ ფენებს ჭრის მომდევნო ხანის (თრიალეთის კულტურის მესხური ვარინტი), დაახლოებით 3900–3600 წლის წინანდელი ქვით ნაშენი სახლები.

რაბათის ნამოსახლარის თითქმის მთელ ფართობს მოიცავს შუა საუკუნეების (მე-12-14 საუკუნების) ნაგებობები, მათ შორის კოშკი და გალავანი. აქვე, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყო ეკლესიაც, რაზეც მიუთითებს მიწის ზედაპირზე აღმოჩენილი ქვის ტიმპანი ჯვრის გამოსახულებით.

რაბათზე წარმოდგენილია ასევე გვიანი შუა საუკუნეების ტრადიციული მესხური მიწური სახლები, თავისი უნიკალური ხის არქიტექტურით, რომლებიც ერთმანეთთან გვირაბებით (დარნებით) იყო დაკავშირებული .

Plan

რაბათის ნამოსახლარზე პირველი არქეოლოგიური გათხრები, რომელიც საცდელი ხასიათის იყო, 1973 წელს ტარიელ ჩუბინიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა. სწორედ ამ დროს აღმოჩნდა ბრინჯაოს ხანის ცნობილი თიხის ობსიდიანის თვალებიანი ორთავიანი ფიგურა. მომდევნო პერიოდში რაბათის ნამოსახლარზე არქეოლოგიური კვლევა გააგრძელა სამცხე-ჯავახეთის მუდმივმოქმედმა ექსპედიციამ ოთარ ღამბაშიძის ხელმძღვანელობით. ამ პერიოდში, ნამოსახლართან ერთად, მის მიმდებარედ აღმოჩენილ იქნა შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანული ტიპის სამარხები, რომლებიც მათი აღმომჩენის აზრით გარკვეულ სიახლოვეს ავლენს წინა აზიასა და ეგეოსურ სამყაროსთან.

რაბათის ნამოსახლარზე არქეოლოგიური კვლევა 2016 წელს ქართულ-ავსტრალიური პროექტის ეგიდით განახლდა, რომელსაც ავსტრალიური მხრიდან ანტონიო საგონა ხელმძღვანელობდა. ამ კვლევების შედეგად გამოვლენილ იქნა ადრებრინჯაოს და შუა ბრინჯაოს ხანის ნაგებობები, მათ შორის მის მიმდებარედ არსებული ყორღანების თანადროული ფენები.

რაბათის ნამოსახლარის კვლევაში ჩართულია სხვადასხვა დარგის სპეციალისტი, როგორიცაა პალეობოტანიკოსი, პალინოლოგი, ზოოარქეოლოგი და გეოდეზისტი. აღნიშნული მულტიდისციპლინური კვლევა მნიშვნელოვან როლს ასრულებს უძველესი მოსახლეობის ცხოვრების წესის აღდგენაში, მათ შორის მათი ეკონომიკური საქმიანობის, სოციალური ორგანიზაციისა და სხვა ასპექტების შესწავლაში.

ძვ.წ. 3000 - 2500 წელი

ადრებრინჯაოს ხანა - მტკვარ-არაქსის კულტურა

მტკვარ-არაქსის კულტურა რაბათის ნამოსახლარზე, მონუმენტური ქვის ნაგებობით არის წამოდგენილი სადაც ნაპოვნია ამ კულტურისთვის დამახასიათებელ კერამიკული  მასალას.

 

ძვ.წ. 2400 -2000 წელი

შუაბრინჯაოს ხანა - ადრეყორღანული პერიოდი

მტკვარ-არაქსის კულტურის დასასრულს, დაახლოებით ძვ. წ.2500 წელს, აღმოსავლეთ საქართველოში ჩნდება დიდი ზომის გორასამარხები  ე.წ.  ყორღანები. შესაბამისად ამ პერიოდს ადრეყორღანულ პერიოდს უწოდებენ. ამ ყორღანების ტიპების და მასში  აღმოჩენილი ნივთების მიხედვით ორ – მარტყოფისა და ბედენის არქეოლოგიურ კულტურას გამოყოფენ.

ორივე კულტურის ყორღანებში გვხვდება სხვადასხვა სახის მდიდრული ნივთები, როგორიცაა ნახევრადძვირფასი ქვისა და ოქროს სამკაულები, ბრინჯაოს საბრძოლო იარაღები. ასევე აღსანიშნავია სამარხებში ოთხთვალა ურემების ჩატანება. აღნიშნული მონუმენტური და მდიდარი ყორღანები მაღალი სოციალური წრის წარმომადგენლებისთვის, სავარაუდოდ ბელადებისთვის, იყო განკუთვნილი, რაც მათი ძალაუფლებისა და სოციალური სტატუსის გამოხატვის საშუალებას წარმოადგენდა.

ზოგადად, მტკვარ-არაქსის კულტურისგან განსხვავებით, ადრეყორღანულ პერიოდში ნამოსახლარების რაოდენობა მცირდება, რაც მათ მომთაბარე ცხოვრების წესზე გადასვლაზე მიუთითებს. თუმცა, ბოლო პერიოდში აღმოჩენილმა ადრეყორღანული პერიოდის კერძოდ ბედენის კულტურის  ნამოსახლარებმა ეს მოსაზრება შეცვალა. ერთ-ერთი ასეთი ნამოსახლარია რაბათი, სადაც მოსახლეობა აქტიურ მიწადმოქმედებას ეწეოდა.

ძვ.წ. 2000 - 1700 წელი

შუაბრინჯაოს ხანა თრიალეთის კულტურის მესხური ვარიანტი

დაახლოებით ძვ. წ. 2000 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოში ჩნდება ახალი — ე.წ. თრიალეთის კულტურა, რომლისთვისაც  წინა კულტურის მსგავსად  დამახასიათებელია დიდი ზომის ყორღანები ძვირფასი დასაკრძალავი ინვენტარით.

ამ კულტურის ნამოსახლარები თითქმის უცნობია. მესხეთის რეგიონში თრიალეთის კულტურის განსხვავებული ვარიანტი გვხვდება, როგორც ყორღანების აგების თვალსაზრისით, ასევე კერამიკული მასალის მიხედვით.

რაბათის ნამოსახლარი უნიკალური ძეგლია საქართველოში, სადაც ამ პერიოდის ნამოსახლარია დადასტურებული.